ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 (2009 წ.).
ისტორია
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი, რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.
1930 წლიდან ზუგდიდი წარმოადგენდა ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2014 წლიდან მიიღო თვითმმარტველი ქალაქის სტატუსი.[3]
კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4,9 °C, აგვისტოს – +22,7 °C. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს.
ეკონომიკა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოხუმი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ანაკლია) გზები. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები (ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.). საყურადღებოა ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეულობით, აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ხეივანი.
|