მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ბათუმი
14:48
ბათუმი

 

ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 180 ათასი.

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობსზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

 

ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებულინავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსისარისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე.

 

წარმოშობა

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.

ფეოდალური ხანა

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს — დადიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეშისაქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმადაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა ბათუმი აქციეს ბათუმის საჯნაყის, ანუ ლივანის ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან ერთად ტრაპიზონის გუბერნატორს დაუქვემდებარეს.

1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. 1807 წელს ბათუმი მოინახულა ადრიან დიუპრემ. ამ დროს ბათუმში 2000-მდე მცხოვრები იყო, მაგრამ სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალაქს, მას არ იცავდა არავითარი სიმაგრე, ერთადერთი ხის კოშკი, უქვემეხო, თხრილშემოვლებული აღმართული ქვის საძირკველზე იდგა ბაზართან.

XIX საუკუენში ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქი იყო. საფაში 11 კაზას, ანუ ოლქს მოიცავდა: ბათუმი, ჩურუქ-სუზემო აჭარაქვემო აჭარამაჭახელი, ლივანი, გონია, ხოფა, ახროვე, ემშინა და ათინა. მას მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. ბათუმში იყო მეჯლისი,ანუ საგუბერნიო საბჭო, სასამართლო,თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.

ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

რუსეთის იმპერიაში

1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.[7]

1878 - 1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.

ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. საპასუხოდ აქ წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1888 წლის აგვისტოში ბათუმში პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭო აირჩია, ხოლო ქალაქის თავი დანიშნული იყო. მომდევო არჩევნები 1894 წელს ჩატარდა. მოსახლეობამ 36 ხმოსანი აირჩია, ხმოსნებმა კი — ქალაქის თავი ლუკა ასათიანი. იგივე განმეორდა 1898 წლის არჩევნებზეც. 1901-1916 წლებში ქალაქის თავი ივანე ანდრონიკაშვილი იყო. ის იყო მეფის რუსეთის დროინდელი ბათუმის უკანასკნელი არჩეული მმართველი.

XX საუკუნე

XX საუკუნის დამდეგს ბათუმის ნავთობის საწარმოებში შეიქმნა მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათის აქციებს აწყობდნენ. 1905 წლის ივლისში ბათუმის მუშები ჩაებნენ სამხრეთ რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. 30 ნოემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს გურიის და ქვემო აჭარის შეიარაღებულმა "წითელმა ასეულებმა", თუმცა რეაქციის წლებში ცარიზმმა ბათუმში რეპრესიები გააძლიერა.

I მსოფლიო ომის (1914 - 1918) დროს თურქეთის სარდლობის ცდა, ხელთ ეგდო ბათუმი, ჩაიშალა. ბრესტის ზავის (1918) თანახმად, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის თანხმობის გარეშე, ბათუმი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა. 1918 წლის აპრილში თურქებმა ბათუმში თავიანთი ჯარები შემოიყვანეს. I მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავების (1918) თანახმად, ბათუმში ინგლისელთა ჯარები შემოვიდნენ. ინგლისმა აქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბათუმის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ა. დენუკინი, მეორე მხრივ - პანთუქრისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რომელიც ე. წ. „ყარსის მთავრობას“ მესვეურობდა.

ბათუმ-აჭარის მუსლიმანი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დამფუძნებული კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც.

1920 წლის 4 ივლისს ბათუმიდან ინგლისის ჯარი გავიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, თურქეთმა კვლავ სცადა ბათუმის აღება, მაგრამ გენერალ გ. მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინა. 1921 წლის 19 მარტს ბათუმი საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

ბათუმის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა.

საბჭოთა რეჟიმი ანგარიშს არ უწევდა ბათუმ-აჭარის ისტორიული ცხოვრების თავისებურებას. ფორსირებულად მიმდინარეობდა ბრძოლა ისლამური რელიგიის წინააღმდეგ, ადგილობრივი ტრადიციების (ჩადრი და სხვა) დასაძლევად, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ინდუსტრიალიზაციისა და საყოველთაო კოლექტივიზაციის წლებში საბჭოთა ხელისუფლება აჭარაში იძულებით ღონისძიებებს ახორციელებდა. ყოველივე ამის გამო 1928 წელს აჭარის მოსახლეობა აჯანყდა. 1937-1938 წლებში საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბათუმში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმკაცრესი რეპრესიები განახორციელა ე. წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; ის გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში — 7,1 °C, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 467 | დაამატა: ((მორა-ადმინისტრატორი)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar